კვირას 2 აგვისტოს, ფორმულა 1-ის მეოთხე ეტაპი, სილვერსტოუნის ავტოდრომზე გაიმართა. კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, რბოლა ისევ მაყურებლის გარეშე ჩატარდა. სამწუხაროდ Racing Point-ის ძირითადმა პილოტმა სერხიო პერესმა, Covid-19-ის გამო რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
პოდიუმი - დიდი ბრიტანეთის გრან პრი, სილვერსტოუნზე 52 წრე პირველმა როგორც ყოველთვის ლუის ჰემილტონმა დასძლია. მან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეტოქეები. პოდიუმზე მეორე ადგილი მაქს ფერსტაპენმა, ხოლო მესამე ადგილი ყველასათვის მოულოდნელად სკუდერია ფერარის პილოტმა შარლ ლეკლერმა დაიკავა.
სწრაფი წრე - სილვერსტოუნზე, ყველაზე სწრაფი წრის ავტორი, Red Bull Racing Honda-ს პილოტი მაქს ფერსტაპენი გახლავთ (Lap Record 1:27.097)
სტარტი - ხუთმა მრბოლელმა: ფეტელმა, ნორისმა, საინსმა, რიკარდომ და ესტებან ოკონმა რბოლა Soft-ის საბურავებით დაიწყეს. ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა რბოლა პოულ პოზიციით დაიწყო, მცირედ წაბუქსირებასაც ქონდა ადგილი, თუმცა ლიდერობა შეინარჩუნა. ლეკლერმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფერსტაპენისთვის გადასწრება კი შეძლო, მაგრამ ფერსტაპენმა უმალ დაიბრუნა პოზიცია.
ინციდენტები - რბოლას ავარიების გარეშე არ ჩაუვლია, მეორე წრეზე, ავტოდრომზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. კევინ მაგნუსენმა, რედ ბულის პილოტთან ალბონთან კონტაქტის გამო წინა მარცხენა საბურავი დაკარგა. ამ ინციდენტის გამო ალბონი, 5 წამით დაჯარიმდა.
მე-13 წრეზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ უსაფრთხოების მანქანა, რედ ბულის მრბოლელი დანილ კვიატის ბოლიდი, დიდი სიჩქარით გზიდან გადავიდა და უსაფრთხოების ჯებირს შეეჯახა. FIA-ს გარდამქმნელმა მაქსიმალური ჩაჭიდება 25G დააფიქსირა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. მრბოლელმა დამოუკიდებლად შეძლო ბოლიდიდან გადმოსვლა, თუმცა სამედიცინო შემოწმების მიზნით, დანილ კვიატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უსიამოვნო სურპრიზები - რბოლა დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა სურპრიზებმა იჩინა თავი, Pirelli-ის საბურავებმა დაშლა დაიწყეს. პირველი ხუთეულიდან ერთდროულად სამი მრბოლელი დაზარალდა. 50-ე წრეზე ვალტერი ბოტასის ბოლიდს საბურავი დაეშალა, ის უკვე პიტ ლაინისიგნა შორს იყო, ამის გამო მთელი ერთი წრის გავლა დაზიანებული საბურავით მოუწია. იგივე პრობლემა შეექმნა მის თანაგუნდელს და დიდი ბრიტანეთის გრან-პრის ლიდერს, ლუის ჰემილტონს.
51-ე წრეზე დაეშალა წინა მარცხენა საბურავი, პრაქტიკულად ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა, ჰემიტლონს მაქს ფერსტაპენი უტევდა,საუკეთესო წრეც აჩვენა, თუმცა ლევის ჰემილტონმა +5.856 წამით მოუგო და ბოლო 52-ე წრე თითქმის სამი საბურაბით დააფინიშა და სილვერსტოუნის გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. 
ლუის ჰემილტონმა 2020 წლის სეზონში რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სილვერსტოუნში რიგით მე-7 და კარიერაში 87-ე. მაყურებელი იმდენად მიეჩვია ჰემილტონის გამარჯვებებს, რომ რაღაც დოზით მოსაბეზრებელიც გახდა წინასწარ პროგნოზირებადი რბოლის ყურება. საინტერესოა რა ფენომენთან გვაქვს საქმე? ჰემილტონი, როგორც 21-ე საუკუნის გენია თუ უბრალოდ Mercedes-ის ინჟინრების ბეჯითი მოწაფე ?




