სანამ საბურავების შერჩევას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სხვადასხვა სეზონის საბურავები ესენია: ზამთრის, ზაფხულის, ყველა სეზონი. დღეს საქართველოში მეორად საბურავებზე დიდი მოთხოვნაა, მათშორის მეც ე.წ. კარგ მეორად საბურავებს ვყიდულობ. მსუბუქი მანქანის ე.წ. კარგი მეორადი საბურავის (205.55.R16) ფასი ოთხი ცალის 250 ლარამდე მერყეობს, ხოლო მაღაზიაში ერთი ცალი ახალი საბურავის ფასი მინიმუმ 115 ლარიდან იწყება. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ რამდენად გონივრულია ჩვენი გადაწყვეტილება, ღირს მეორადი საბურავების შეძენით დაზოგილი თანხა ჩვენ უსაფრთხოებად?
როდესაც ვყიდულობთ მეორად საბურავს ჩვენ მას ვაფასებთ მარტო ვიზუალურად, რაც საკმარისი არ არის, რადგან ახალი საბურავის ექსპლუატაციის პერიოდი ხუთი-ექვსი წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც, საბურავი თავის უნიკალურ თვისებებს კარგავს, შესაბამისად გამოდის რომ ფულს წყალში ვყრით.
და მაინც როგორ გავიგოთ საბურავის გამოშვების თარიღი ?
DOT ნომრის მეშვეობით , ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ საბურავის გამოშვების თარიღი , იგი დატანილია ზედაპირზე ციფრებით მაგ. 1019 , პირველი ორი ციფრი: 10 ნიშნავს კვირას , ხოლო 19 კი გამოშვების წელს, შესაბამისად შენი საბურავი გამოშვებულია 2019 წლის მე-10 კვირას , ხოლო თუ თქვენ შეიძინეთ 2019 წლის საბურავებს სწორი ექსპლუატაციის პირობებში უნდა შეცვალოთ 2025 წელს.
პირობითად : 205 / 55 R 16 91H
205 – საბურავის სიგანე მილიმეტრებში
55 – საბურავის სიმაღლე
R – საბურავის კონსტრუქცია , რადიალურ ტიპს აღნიშნავს
16 – საბურავის შიდა დიამეტრი
91– საბურავის დატვირთვის ინდექსი – დამამზადებლის მიერ ნებადართული მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელი. (კონკრეტულ შემთხვევაში 615 კგ. ერთ საბურავზე)
H – საბურავის სიჩქარის ინდექსი , ამ შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 210 კმ/სთ
საბურავის კონსტრუქცია კი შემდეგნაირად გამოიყურება
1.პროტექტორი
2. მხრები
3. კარკასი
4. გვერდით ნაწილი
5. მეტალის კორდი და ძაფის ბადე
6. მხრის დამატებითი საფენი
7. გვერდითი რგოლი
8. „ბორტი”
როგორ ავარჩიოთ სეზონისთვის სწორი საბურავი ?
ზამთრის საბურავები - მაგალითად +7°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა დავაყენოთ ზამთრის საბურავები. მისი აღმნიშვნელი სიმბოლო ფიფქია. მასში რეზინის შემცველობა მაღალია, გააჩნია სპეციალური პროტექტორი, ისინი უზრუნველყოფენ ეფექტურ მოჭიდებას რთულ კლიმატურ პირობებში, მოცურების მინიმალური ალბათობა და ა.შ.
ზაფხულის საბურავები - როდესაც გაზაფხული-ზაფხული გვიახლოვდება და ტემპერატურაც + 7°C-ზე მაღალია , ჩვენი ზამთრის საბურავები უნდა ჩავანაცვლოდ , ზაფხულის საბურავებით. ზაფხულის საბურავები უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობას და მდგრადობას, გზაზე მოძრაობის სრულ უსაფრთხოებას, მოკლე სამუხრუჭე მანძილი, კარგი მანევრი , სველ ასფალტზე უკეთესი კონტროლი.
ყველა სეზონის საბურავები A/T- და აი ისიც ყველასათვის საყვარელი , ყველა სეზონის საბურავი A/T (All Season Tire), უფრო ბაზარზე MS-ით არის ცნობილი, რომელიც ასე იშიფრება ( Mud+Snow ). ეს არის კომპრომისული არჩევანი, ეკონომ პაკეტი. ვინაიდან საქართველოში , განსაკუთრებით თბილისში მკაცრი ზამთარი არ იცის, ამიტომ დასაშვებია M+S. ის მორგებულია მეტნაკლებად ყველანაირი კლიმატური პირობებისთვის, მაგრამ თუ გიწევს ზამთარში რეგიონებში გადაადგილება, რეკომენდირებულია ზამთრის საბურავები.
საუბარს კითხვით დავასრულებ, ჩემთავსაც ვეკითხები: „რა ღირს ჩვენი უსაფრთხოება" ?