თბილისის ქუჩებში აქა-იქ შენიშნავთ, Walter de Silva-ს დიზაინრულ შედევრს, Alfa Romeo 156-ს. ალფა საკმაოდ ახალგაზრდულად და მომხიბლელად გამოიყურება, მაგრამ საქართველოში ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სტერეოტიპების მსხვერპლია. მცირედ გადახვევას გავაკეთებ, 16 წელია რაც ავტომობილს ვმართავ, ჩემს ხელში დაახლოებით ოცამდე სხვადასხვა მოდელმა გაიარა, აქედან Alfa Romeo შვიდჯერ მყავდა. შესაბამისად დღეს ვისაუბრებ Alfa Romeo 156-ის, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე, გაგიზიარებთ გამოცდილებას, რისი მეშვეობითაც ერთად დავამსხვრევთ მითებს.
ფასი: საქართველოში Alfa Romeo 156-ის ფასი, $1800 - $4,500-მდე მერყეობს, ძირითადად დამოკიდებულია მანქანის მდგომარეობაზე, გამოშვების წელზე, გარბენზე, ასევე თუ რომელი ვერსიაა Twin Spark, V6 თუ ლიმიტირებული GTA ?
ძრავა და გადაცემათა კოლოფი: 156 ხელმისაწვდომია როგორც ბენზინის ასევე დიზელის ძრავებით, გადაცემათა კოლოფებშიც ფართო არჩევანია: შეგიძლია აირჩიო ტრადიციული მექანიკა ან Selespeed ( ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფით)
ბენზინის ძრავები:
1.6 L Twin Spark I4 -120 ცხ.ძ
1.8 L Twin Spark I4 – 140 ცხ.ძ
2.0 L Twin Spark I4 - 155 ცხ.ძ
2.0 L JTS I4 – 165 ცხ.ძ
2.5 L V6 „Busso“ – 190 ცხ.ძ
3.2 L V6 „„Busso“ – 247 ცხ.ძ
დიზელი:
1.9 L JTD turbocharged I4 – 108 ცხ.ძ
1.9 M-Jet – 138 ცხ.ძ
2.4 L JTD turbocharged I5 – 138 ცხ.ძ
2.4 M-Jet – 173 ცხ.ძ
ექსტერიერი: Alfa Romeo 156-ის სიგრძე 4430 მმ, ხოლო სიგანე 1745 მმ-ს შეადგენს, გაბარიტებით თუ ვიმსჯელებთ, ის BMW-ს მესამე სერიის E46-ზე უფრო მომცროა, შესაბამისად პატარა გაბარიტების ხარჯზე ადვილად შეძლებ დაპარკინგებას, ეს კი ძალიან დიდი პლუსია. ასევე მნიშვნელოვანია მისი კლირენსი 140 მმ. ცუდ გზებზე არცთუ ისე ცუდად უჭირავს თავი.
Alfa Romeo 156-ის ავზის მოცულობა 63 ლიტრია, ქალაქში 100 კილომეტრზე, შერეულ რეჟიმში ოთხცილინდრიანი 2.0 Twin Spark, 9-10 ლიტრს მოიხმარს, ხოლო 2.5 V6 „Busso“ 12-13 ლიტრს. მასში ყოველთვის კარგი საწვავი 95 ოქტანობიანი (ევრო პრემიუმი) უნდა ჩაასხა თუ გინდა რომ დიდხანს გემსახუროს.
ინტერიერი: კოკპიტი სადაა, ზედმეტ ღილაკს ვერ უპოვი, ამავდროულად საკმაოდ დახვეწილია. ცენტრალურ კონსოლზეა მოთავსებული: ბენზინის მაჩვენებელი, საათი და წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი, აუდიო სისტემა და კლიმატკონტროლი. ყველა ალფა აღჭურვილია: ჰიდრავლიკა, აბს, სრული ელექტრო პაკეტი, კლიმატკონტროლი, სავარძლების გათბობა, ოთხი უსაფრთხოების ბალიში.
თუ ტყავის სალონით შეიძენ ალფას, ის გაწყობილი იქნება MOMO-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის ტყავის სავარძლებით.
მისი საბარგულის მოცულობა 374 ლიტრია, უკეთ რომ წარმოიდგინო, საბარგულში Wizz Air-ის სამი საგორებელი ჩანთა და სამი ხელბარგი უპრობლემოდ ეტევა.
სათადარიგო ნაწილების ფასი: მაგალითად 156-ის სამუხრუჭე დისკოები ახალი 90 ლარი ღირს, ხუნდები 80-90 ლარი, წინა ფრთა 100 ლარი, საქარე მინა 100 ლარი, ზედა გიტარები წყვილი 350 ლარი, კარტერი 100-150 ლარი და ა.შ.
სუსტი წერტილები - ჰაერსაზომი (air flow meter) ერთ-ერთი სუსტი წერტილია, ამიტომ ყიდვისას კარგად შეამოწმებინე მუშაობს თუ არა ? მეორადი ჰაერსაზომი 100-150 ლარი მაინც ღირს.
ინტერიერში დროთა განმალობაში ფუჭდება კლიმატკონტროლის რეზისტორი (Heater Resistor), მისი ფასი მეორადის 30-40 ევროა. შესაბამისად სანამ იყიდი, კონდიციონერი და გათბობა კარგად შეამოწმე.
საქართველოს პირობებში Selespeed ( ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფით) ყიდვა არის სრული სიგიჟე, ამ კოლოფების მცოდნე არ მოიძებნება, თუ გაგიფუჭდა ერთი გამოსავალი გრჩება გაამექანიკო, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება.
დაბოლოს, სავალ ნაწილში ყველაზე ხშირად ზედა გიტარები ფუჭდება, იაფასიანის დაყენებას არ გირჩევთ, რადგან დიდხანს ვერ ძლებს და ორმაგი ხარჯის გადახდას ჯობია ცნობილი ბრენდის იყიდოთ ვიდრე გაურკვეველი მწარმოებლის პროდუქცია.
p.s. Twin Spark ძრავებს ცივზე, არა სასიამოვნო დიზელის მსგავსი ხმა აქვს, თუმცა რამდენიმე წამი გრძელდება. ეს ხმა ე.წ. „ვანუსისგან“ მოდის. თუ კარგ ზეთზე და კარგ ბენზინზე ამუშავებ მას არანაირი პრობლემა არ უჩნდება.
დასკვნა - ამ მანქანით კომფორტულად და შედარებით ეკონომიურად იმგზავრებ, სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან ყურადღების ცენტრში იქნები, მაგრამ Alfa Romeo 156 არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც გაპატიებს არასწორ ექსპლუატაციას, ცუდ ძრავის ზეთს თუ ცუდ ბენზინს. იტალიელი მხოლოდ იმ ადამიანის ხელშია გამართლებული თუ ის მზრუნველი იქნება და მოუვლის, როგორც შვილს.