2019-11-26

Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

  აგერ უკვე 40 წელია რაც სინათლე იხილა და დაიპყრო მრავალი ადამიანის გულები. 13 წლის ვიყავი პირველად ქუჩაში, რომ ვნახე G კლასის W461 ყველგანმავალი და იმ დღიდან, დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. ეს ის პერიოდია, ეკონომიკური კრიზისი საქართველოში, მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები, კრიმინალი და კორუფცია, მაგრამ  ბურჟუას ეს ყველაფერი არ ეხებოდა. რას ნიშნავს სიტყვა Geländewagen ? თუ გერმანულიდან სიტყვა სიტყვით გადმოვაქართულებთ , მაშინ მივიღებთ „უგზოობის მანქანას“- Cross Country Vehicle 60-70-იან წლებში შტუტგარტელებს არ ყავთან უგზოობისთვის მანქანა, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევდა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Land Rover, Toyota, Nissan, Ford, Chevy, Jeep.
 1972 წელს ავსტრიულმა კომპანიამ Steyr-Daimler-Push-მა და გერმანულმა ავტო გიგანტმა Daimler-Benz-მა დაიწყეს თანამშრომლობა, მათ უნდა შეექმნათ სამხედროებისთვის განკუთვნილი „უგზოობის მანქანა“, წარმოება კი ავსტრიის ქალაქ Graz-ში დაიგეგმა. მალევე 1973 წლის აპრილში დამზადდა პირველი სრულფასოვანი მაკეტი ხისგან, ხოლო 1974 წელს დაასრულეს პირველი პროტოტიპული მოდელიც. ახალი მოდელის წარმოება ძალიან ძვირი რომ არ დაჯდომოდათ, ბევრი დეტალი დაესესხეს უკვე არსებულ Mercedes-ის სხვადასხვა მოდელებს. Geländewagen-მა ტესტირება გაიარა, როგორც არქტიკაში, ასევე საჰარას უდაბნოში.   



პირველი დამკვეთი ბრძანდებოდა ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი (მმართველობა 16 სექტემბერი 1941-11 თებერვალი 1979), მისი აღმატებულება Mercedes-Benz-ის 19%-ს ფლობდა. 1975 წელს ირანის შაჰმა იხილა პროტოტიპული მოდელიც და მალევე გააფორმა კონტრაქტი, ირანს უნდა მიეღო გერმანელებისგან 20,000 ავტომობილი W460.  

 1978 წლის 7 სექტემბერს თეირანი აქციებმა მოიცვა, მეტიც თეირანი პარალიზებული იყო. იმავე წლის 28 ნოემბერს თეირანში გამართულ აქციის დროს ირანელი სტუდენტები სკანდირებდნენ „სიკვდილი შაჰს“! მოკლედ ქვეყანაში ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ Geländewagen-ისთვის აღარავის ეცალა, 1979 წელს მოხდა ის რასაც რამდენიმე წლის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, დემონსტრანტებმა, ამერიკის მოკავშირე შაჰი მისი აღმატებულება, მოჰამედ რეზა ფაჰლავი ჩამოაგდეს და სათავეში მოვიდა რელიგიური ლიდერი აიათოლა რუჰოლა ხომეინი.

 დიდი პოლიტიკური შტორმის შემდეგ, კომერცია მოიცვა კრიზისმა და დაბნეულობამ, რადგან ხომეინის მთავრობამ უარი განაცხადა 20,000 Geländewagen-ის შესყიდვაზე და შესაბამისად კონტრაქტიც გაუქმდა. გერმანელებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. 1979 წლის თებერვალში მარსელთან ახლოს მდებარე Le Castellet-ს ავტოდრომზე პუბლიკამ იხილა პირველი სერიული Mercedes-Benz G W460-ის სამი ვერსია: უნივერსალი მოკლე და გრძელი ბაზით, ასევე კაბრიოლეტი. პირველი თაობის W460 ხელმისაწვდომი იყო შემდეგი ძრავებით: 





ბენზინი

230 G – M115.973 /2.3L  l4 / 90 hp და 102 hp

280 GE – M110.994 / 2.8L  l6 / 156 hp 

დიზელი

240 GD –  OM 616.936 /2.4L  l4 / 72 hp

300 GD – OM 617.931 /3.0L  l5 / 88 hp

 კრიზისის ყინული ლღობას იწყებდა, Mercedes-Benz G W460-ის  შესყიდვა დაიწყო გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ, არგენტინის შეიარაღებულმა ძალებმა. მალევე შეკვეთები წამოვიდა ნორვეგიიდან და ინდონეზიიდან. 1980 წელს გერმანელებმა სპეციალურად რომის პაპისთვის იოანე პავლე II-ს დაუმზადეს, ორი Mercedes-Benz 230 G ( 460  23 ) გრძელი ბაზით, ეს იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჩუქარი. 1980 წლის 15-19 ნოემბერს გერმანიას სტუმრობდა იოანე პავლე II. ცნობისთვის რომის პაპი საბჭოთა კავშირისთვის მისაღები ფიგურა არ იყო, რადგან პაპი იბრძოდა „ბოროტების იმპერიის" წინააღმდეგ.



არ დააყოვნა კომუნისტურმა ტერორმაც. 1981 წლის 13 მაისს წმ. პეტრეს მოედანზე თურქული ულტრამემარცხენე დაჯგუფების ,,რუხი მგლების” წევრი მეჰმეტ ალი აღჯა თავს დაესხა რომის პაპს და რამდენიმე ტყვია ესროლა. პაპზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით გერმანელებმა Mercedes-Benz 230 G დაჯავშნეს.



1983 წელს, Mercedes-Benz 280 GE-მ გაიმარჯვა Dakar Rally-ის რბოლაში, პილოტი გახლდათ ბელგიელი მრბოლელი Jacky Ickx, ხოლო შტურმანი ფრანგი მსახიობი Claude Brasseur.

 1983 წელს ყველა მოდელი ხელმისაწვდომი იყო 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით , მხოლოდ  დიზელის 240 GD აღიჭურვა ავტომატური გადაცემათა კოლოფით.  ნელ-ნელა იხვეწებოდა ვიზუალიც.  1986 წელს იტალიის ბაზრისთვის წარმოდგენილი იყო 200GE , 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, აღნიშნული ვერსია 50,000 ცალი იქნა წარმოებული. 1987 წელი გერმანელისთვის სიახლეების წლად შეიძლება დავასახელოთ, სახელდობრ მოძველებული 72 ცხენის ძალიანი, დიზელის ძრავი 240 GD ჩაანაცვლა ახალმა 5 ცილინდრიანმა ძრავამ 250 GD, რომელიც გამოიმუშავებდა 84 ცხენის ძალას, აღჭურვილი იყო 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, გაიზარდა საწვავის ავზის მოცულობა. დაემატა ელექტრო პაკეტი და სხვა მრავალი ფუნქციები.
 1989 წელს, 10 წლის თავზე G კლასის მოდელი დაახლოებით 70,000 ცალი იქნა წარმოებული. გერმანელებმა იმავე წელს 300 ცალი საიუბილეო მოდელიც გამოუშვეს სახელწოდებით 230 GE Classic. ის განსხვავდებოდა სტანდარტული მოდელისგან. 1989 წლის სექტემბერში ფრანკფურტში გერმანელებმა წარადგინეს განახლებული მოდელი W463 G, ის უკვე კომფორტული „უგზოობის მანქანა“  გახლდათ, განახლებული ინტერიერით თუ ექსტერიერით, აღჭურვილი სხვადასხვა საჭირო ოფციებით, მას გააჩნდა წინა და უკანა ხიდის ბლოკირება, ასევე ხიდთა შორისი ბლოკირება. 



 ადრეც და ეხლაც G-ის ყოლა ხაზ უსვამს ჩვენს სოციალურ სტატუს, Mercedes-Benz-მა დაამტკიცა, რომ მათი ყველგანმავალი, არის სრულყოფილი, უსაფრთხო და გამძლე. ამაში ფაქტები გვარწმუნებს, ათეულობით წლების წინ გამოშვებული ავტომობილები კვლავ ექსპლუატაციაშია და რესურსი არ ამოუწურიათ, ბაზარზე კი მოთხოვნა დიდია.  

To be continued...

მსგავსი სტატიები

Ford v Ferrari - ტიტანთა ბრძოლა
Ford v Ferrari - ტიტანთა ბრძოლა
2020-01-17

2019 წლის 15 ნოემბერს ეკრანზე James Mangold-ის ფილმი Ford v Ferrari ვიხილეთ, სადაც მთავარ როლს ასრულებენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: Matt Damon, Christian Bale, Jon Bernthal. ბიუჯეტი 97.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფილმი

ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
2020-04-13

დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვა ისეთივე მარტივია, როგორიც პურის შეძენა. ყოველთვის მაინტერესებდა საბჭოთა კავშირში თუ რა ღირდა მანქანა, ან რა პროცედურები იყო გასავლელი.

Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი
Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი
2020-03-18

მითი თუ რეალობა, ვინ არის „Eleanor“ ? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ავტოინდუსტრიაში მითოლოგიური პერსონაჟია, ამ სახელით მოიხსენიებენ Mustang-ის საკულტო მოდელს. 1967 Ford Mustang Shelby GT500 fastback